სიყვარულის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი
14 თებერვალს საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის დარბაზში გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით – „ერთმანეთის სიყვარულით სავსე გულები“, რომელშიც სუ კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის ვაჟთა და ქალთა ანსამბლები – ,,კრწანისი” და ,,ელიო”, სოლო მომღერლები: რამინ მიქაბერიძე, ნინა გორგაძე, გედევან კევლიშვილი, ნინი დავითულიანი, გივი ჩხაიძე და შაბან მამედოვი მონაწილეობდნენ.
ცენტრის დირექტორმა თამარ ცალქალამანიძემ და მისმა მეუღლემ, ამავე ცენტრის ვაჟთა ანსამბლის წევრმა – გიორგი ბასილაშვილმა დუეტი შეასრულეს. ჟურნალ „სინათლის“ მთავარმა რედაქტორმა პოეტმა ამირან ღოღაძემ და ამავე ჟურნალის კორესპონდენტმა ნინო ასათიანმა საკუთარი ლექსები წაიკითხეს.
ღონისძიებას უძღვებოდნენ სტუდია „ცოდნას“ მსახიობები – ნინო პაპიაშვილი და თორნიკე კივილაძე, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას ,,სლაიდების” სახით მოკლედ გააცნეს საქართველოს უსინათლოთა კავშირისა და მასთან არსებული კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის მოღვაწეობის მოკლე ისტორია.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა პერსონალური ასისტენტის პროგრამის მენეჯერი და შშმ პირთა უფლებათა დამცველი დავით ბიბილეიშვილი.
სცენაზე დანთებულმა სიყვარულის კოცონმა მართლაც რომ დარბაზში მყოფი თითოეული ადამიანის გული მოიცვა და გაათბო.