უსინათლო ნიჭიერი პოეტების: რევაზ ტატალაშვილი, სერგო სირაძე და ნუგზარ ბერაძე უკვდავ პოეზიას გააცოცხლებენ
საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრი 2024 წლის 11 ნოემბერს გიწვევთ ხელოვნების ზეიმზე, რომელიც გახლავთ უსინათლოთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი. ეს დღე 13 ნოემბერს აღინიშნება, რომლის მიზანია საზოგადოებას შევახსენოთ უსინათლოთა წინაშე მდგარი პრობლემები და, რა თქმა უნდა, ვისაუბროთ მათ მიღწევებზე.
ცენტრში დაუვიწყარი დღესასწაული გელით საოცარ მსახიობებთან ერთად: ზვიად დოლიძე, ლაშა გურგენიძე, ბექნუ ქაფიანიძე, ბესო ზანგური.
ღონისძიებაზე გექნებათ შესაძლებლობა გაეცნოთ უსინათლოთა კულტურის ცენტრის საქმიანობას, მოუსმინოთ ცენტრის წარმატებულ უსინათლო ვაჟთა და ქალთა ანსამბლებს „კრწანისი“, „ელიო“. მსახიობი ნინო პაპიაშვილი და თორნიკე კივილაძე უსინათლო ნიჭიერი პოეტების: რევაზ ტატალაშვილი, სერგო სირაძე და ნუგზარ ბერაძე უკვდავ პოეზიას გააცოცხლებენ, რომელთა წიგნებიც გამოიცა ჩვენი ცენტრის მიერ უსინათლოთა კავშირის ფინანსური მხარდაჭერით. გაეცნობით ჟურნალ სინათლის რედაქტორის უსინათლო პოეტის ამირან ღოღაძის შემოქმედებას.
ამაღლებული განწყობით მასპინძლები სცენას დაუთმობენ ჩვენს საოცარ სტუმრებს, რომლებიც თქვენთან შესახვედრად ემზადებიან.
დღე, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ; დღე, რომელიც წარუშლელი შთაბეჭდილებებით აავსებს თქვენს გულსა და სულს; დღე, რომელიც მზიან, თბილ შემოდგომას მოიყვანს ჩვენთან უსინათლოთა კულტურის ცენტრში.
ხელოვნების ზეიმზე გელოდებით! დასწრება თავისუფალია!
2024 წლის 11 ნოემბერი, დასაწყისი 16.00 საათი. მის. რუსთავის გზატკეცილი #20 ა, საქართველოს ბიზნეს აკადემიის გვერდით, ქვემო ფონიჭალა.