კულტურის ცენტრის საქმიანობის პრეზენტაცია საპატრიარქოში
2023 წლის 9 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოში უსინათლოთა კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის საქმიანობის პრეზენტაცია შედგება. ღონისძიების მიზანია საპატრიარქოსა და უსინათლოთა კულტურის ცენტრს შორის ურთიერთ თანამშრომლობა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილის მამა გურამ ჭარელაშვილის ინიციატივით პირველად ჩაეყრება საფუძველი ჩვენი უსინათლო წევრების შესაძლებლობების ხელშეწყობას. მნიშვნელოვანია ამ კეთილ საქმეში ასევე ჩვენი წევრის ლევან ყიყიშვილის როლი.
ღონისძიებაზე შესრულდება ცენტრის ვაჟთა ანსამბლ „კრწანისისა“ და ქალთა ანსამბლ „ელიოს“ მუსიკალური ნომრები. მოეწყობა უნიჭიერესი უსინათლო მხატვრის გიორგი ქობელაშვილის ნახატების გამოფენა,რომლის შემოქმედება და სახელი მარად უკვდავია.
დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ექნებათ იხილონ უსინათლო ნიჭიერი ქალბატონის ნანა ყურაშვილის ხელნაკეთი ნივთები. ღონისძიებაზე ჟურნალ „სინათლის“ რედაქტორის ამირან ღოღაძის ლექსებსაც გაეცნობიან.
შეხვედრას დაესწრება საერო და სასულიერო პირები, საპატრიარქოს თანამშრომლები, საქართველოს უსინათლოთა კავშირისა და ფილიალების წარმომადგენლები, უსინათლოთა კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის წარმომადგენლები. პრეზენტაციის შემდეგ მოეწყობა ერთობლივი დისკუსია.
უსინათლოთა კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრი მადლობას უხდის საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს. უფლის შეწევნით ყველა დასახულ მიზანს მივაღწევთ.